Sprachen
Inhalt Wer? Über uns Termine Submissions Untermenü
« zurück

„არავის…“

Iunona Guruli (2015)

Leider ist der Eintrag nur auf Englisch verfügbar. Der Inhalt wird unten in einer verfügbaren Sprache angezeigt. Klicken Sie auf den Link, um die aktuelle Sprache zu ändern.

გეგონება ჯინაზე, ისევ ტუალეტში მინდა. არადა, ისეთი დასუსტებული ვარ, მეშინია იმდღევანდელივით სადმე გზაში არ ავყირავდე. ნეტა რამდენი ხანი გავიდა?  გალეული თითებით გადათვლას ვიწყებ. აუჰ, თვე და 13 დღე. ამასობაში, მგონი ყველა ორგანო დამეშალა და ნაწილ-ნაწილ გარეთ გამოდის. როგორმე უნდა ავდგე, თორემ ჩავიფსამ. იქნებ მალე მობრძანდეს, ავყურებ კედლის საათს. არა, ვერ დაველოდები. სამაგიეროდ საჭმელს მოიტანს, კრთება თავში ნირვანასავით აზრი. საჭმლის ხსენებაზე კუჭი მეწვის. ჩაი მაინც დამელია იქამდე… ჩაის გახსენებაზე გულისრევის შეგრძნება მიჭერს ყელში. სავსე შარდის ბუშტიც უფრო მახსენებს თავს. როგორმე უნდა ავეთრე და შუქიც ავანთო. დაბნელდა უკვე. ფრთხილად ვიძრობ საბანს და წვრილ, თეთრ ფეხებზე ვიყურები. არა, ეგრევე არა, მახსენდება ერთ-ერთი ბოლო ადგომიდან ნასწავლი მწარე გაკვეთილი. თავბრუ მეხვევა. ნეტა, მთლიანობაში რამდენი სისხლი დავკარგე?.. არა უშავს… როდესმე ხომ დაიცლება და გაჩერდება. რა დაიცლება, რეებს ვბოდიალობ. კედელ-კედელ მივდივარ ტუალეტისკენ. ხელს ვაფათურებ, შუქს ვანთებ და სინათლისგან დაბრმავებული თვალებს ვხუჭავ. მერე კარის სახელურს ჩაბღაუჭებული, ჭრელი, მბრუნავი რგოლების მიღმა ვათვალიერებ თითქოს მრუდე სარკეში არეკლილ თავს. რას ვგავარ ე, ვფიქრობ რაღაცნაირად გულსგარეთ და ყურებში გაჩენილი ხმაურიანი შიშინის პარალელურად ხმაურითვე ვიწყებ მოფსმას.

ის იყო, უკან წავედი, კარში გასაღების ხმაც გავიგე.

საჭმელი!

გულზე მეშვება და უარესად მეხვევა თავბრუ. შემოდის მხნედ, მძიმე ნაბიჯებით, საჭმლისსუნიანი. უკან, ღრძილებთან დიდი რაოდენობით გამოყოფილი მჟავე ნერწყვი პირს მივსებს. დუდღუნით ვეკითხები:

-სად ხარ აქამდე? –  თან ჩემსავით თეთრ კედელს ვეყუდები.

– სანამ დავილაპარაკეთ, სანამ ვისადილეთ, სანამ სახლამდე მოვაღწიე…“ (გვერდითა კორპუსიდან!)

სადილის გაგონებაზე ჭრელი რგოლები მრავლდებიან და იქვე მდგარ გაქუცულ სავარძელში ვენარცხები მოწყვეტით.

-რაო კახამ? – თავმოყვარეობის უკანასკნელ ძაფებს ვეკონწიალები და საჭმელზე ჯერ არ ვეკითხები. იქნებ თავისით მიხვდეს. არადა, არაფერი უჭირავს ხელში, არც ქურთუკის ჯიბეები აქვს გამობერილი.

– იქით კვირაში ისევ იქნება სამუშაოო. ორისთვისაც კია, მაგრამ აბა შენ ეხლა რისი თავი გაქვს. – ვერ ვხვდები, ირონიულად მიყურებს, სიბრალულით თუ კმაყოფილებით.

– ცოლის დაზღვევაზე რაო?

– ვკითხე და ვერ გათხოვებთ, შარის თავი არ მაქვსო.

ან კითხა, ან არა, გულგრილად გამკრა თავში.

-კაი, დაიკიდე. საჭმელი მოიტანე? – მიწყდება მოთმინების ისედაც წვრილი ძაფი.

– ვერა, – ამბობს აუღელვებლად და ქურთუკს იხდის.

– რას ქვია, ვერა? – ყველაზე პირდაპირი გაგებით მაციებს.

– ვერა ქალის სახელია, – აშკარად ძალით იცინის.

აკანკალებული ხელებით ტახტზე მიგდებული ქურთუკის ჯიბეების მოსინჯვას ვიწყებ.

-შეეშვი, ვერაფერს იპოვი. – მესმის გაღიზიანებული ტონით ნათქვამი.

– როგორ თუ ვერაფერს? – საბოლოოდ მეკეტება: შიმშილისგან, ცუდად ყოფნისგან, ბრაზისგან, დამცირებისგან.

– ფული ვერ გამოართვი?? თან სამუშო  თუა იქით კვირაში?! – უცხო ხმით ვხავი იოგების ჩაწყვეტამდე. – ორი კაპიკი გამოგერთმია წინასწარ. ან ბოლო-ბოლო სამზარეულოდან მოგეპარა ერთი ნაჭერი პური, შე იდიოტო!

– პური მომეპარა რა, მათხოვარი კი არ ვარ. – აქეთ მიყვირის.

– ჰო, მათხოვარი არ ხარ. უნამუსო, გასიებული ღორი ხარ! მე აქ თვეზე მეტია სისხლისგან ვიცლები, მთელი კვირაა მშიერი ვგდივარ და ეს კიდევ, თავის ძმაკაცთან საჭმელს ხეთქავს წყნარად.

-შენ კიდე რამეზე ბაზრობ? გგონია შენი ზღაპრების მჯერა? შვილს რო ქალი მოკლავს მუცელში…

– არა, ბიჭო. აბა შენნაირი ნაბიჭვრები გინდა გამრავლდნენ?

ლაწან. და ნანატრი სიმშვიდე.

* * *

– რამდენი ხანია რაც დენა გაქვთ? – მეკითხება ექიმი მშვიდად.

– თვე და 17 დღეა.

წერას წყვეტს და სათვალის ზემოდან გაკვირვებული მიყურებს.

-აქამდე რატომ არ მოხვედით?

– დაზღვევის გამო… – ყელში გაჩხერილი ეკლიანი გორგლის გადაყლაპვას ვცდილობ.

– ნუ ნერვიულობთ. დაზღვევის ამბებს მერე გავარკვევთ. – ტაქტიანად მარიდებს ექიმი თვალს და ისევ რაღაც დავთარში ჰყოფს სათვალიან ცხვირს.

– მხოლოდ სისხლი მოდის?

– არა, ხორცის ნაფლეთებიც ცვივა… – ვამბობ ჩამწყდარი ხმით და უკვე მეორე ეკლიანი გორგალის გადაყლაპვას ვცდილობ.

საერთოდ უმრგვალდება თვალები. მერე იქვე მდგარ ტელეფონს  წვდება და შიდა ნომრის აკრეფვის შემდეგ საოპერაციოს მომზადებას ავალებს ვიღაცას.

-ეგეთი რა მჭირს, ექიმო?

– სავარაუდოდ საშვილოსნოს გარსი გაქვთ ჩამოშლილი.

-ეგ რისგან?

-კუსტარულ აბორტებს ხშირად მოსდევს მსგავსი შედეგი – ცერად ამომხედა ექიმმა.

-გამორიცხულია.

-აბა ეგეთი რა სიმძიმეები ათრიე?

-სამი თვე შავ მუშად ვმუშაობდი მშენებლობაზე.

-დღეს რაღაც ადრე დააგდე ტემპი – მესმის პრარაბის ნაცნობი ჯაჯღანი ხარაჩოდან. – შესვენებამდე კიდე ორი საათია.

-ვიცი – ვბურტყუნებ მე და დაწყლულებული ხელებით ბეტონის მორიგ ნატეხს ვწევ.

-ჰოდა, თუ იცი, მაშინ ტრაკი გაანძრიე. მარტო საჭმელზე რო ფიქრობთ ყველა.

-როდის ჭამეთ ბოლოს, და რა?  ნარკოზის გამო ზუსტად უნდა ვიცოდე. – უკან მაბრუნებს ექიმის ხმა.

– ბოლოს? – უკან, ღრძილებთან მომსკდარმა მჟავე ნერწყვმა ლამის დამახრჩოს. – ჩაი დავლიე გუშინ საღამოს.

– ალერგიული ხართ?

– არა.

სანამ ექიმი სხვა, უხერხულ შეკითხვებზე გადადის ჩემ სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებით, შემოსეული ექთნები მიზომავენ წნევას, მპარსავენ ბოქვენს, მკლავში მტკივნეულად მარჭობენ წვეთოვანს და რამდენიმე წუთში თეთრ ზეწარგადაფარებული ურიკით საოპერაციოსკენ მიმაგორებენ. შუქები გარბიან ჭერზე. ოპერაციის მერე რამდენ ხანში მაჭმევენ ნეტა?  ჩნდება კითხვა ტვინის რომელიღაც კუთხეში.

ამ დროს ერთი, დაახლოებით ჩემი ასაკის გოგო, რომელიც რაღაც ფურცლების ფრიალით მოჰყვება  ურიკას, წკრიალა, ხალისიანი ხმით მეკითხება:

-ოპერაციაზე სანამ იქნებით, ვის დავურეკოთ, რომ მოგაკითხონ?

– არავის. – ვამბობ მე და თვალები ცრემლით მევსება.

გოგო წარბშეუხრელად ინიშნავს რაღაცას და ისევ ხალისიანი ხმით მეკითხება:

-კეთილი. და ვის შევეხმიანოთ თქვენი გარდაცვალების შემთხვევაში? – თან კალამმომარჯვებული ელოდება ჩემ პასუხს.

– არავის. – ვიმეორებ წყნარად და მწყობრად ჩამოგორებული ცრემლები ყურებს მისველებენ.

≡ Menü ≡
Startseite
Termine Submissions
Autor_innen Übersetzer_innen Moderator_innen
Über uns Partner Galerie
Kontakt Blog Facebook
Festival 2016 Events Presse